მიტევების კვირა

მშვიდობა მოგცეთ უფალმა!
ქრისტესმიერ საყვარელნო, როგორც ეკლესიის მამები განგვიმარტავენ: – “მორწმუნეები ემზადებიან რა დიდი მარხვისათვის; მიტევების კვირის სახარების საკითხავი, რამდენიმე ძალზედ მნიშვნელოვან საკითხზე მიუთითებს, რომელიც ყველა ქრისტიანს მოეთხოვება, რათა მათი მარხვის ღვაწლი ღვთისათვის სათნო და მაცხოვნებელი იყოს”.
– “რამეთუ უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან”.
– “ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი”. (მთ. 6; 14-15.) – ასე იწყება მიტევების კვირის სახარების საკითხავი ეკლესიის მოძღვრები აქვე დასძენენ: – “რა უნდა იყოს ამაზე უფრო მსუბუქი, უფრო ადვილი შესასრულებელი იმ ადამიანისათვის, რომელსაც გულწრფელად სურს ცოდვებისაგან გათავისუფლება და ზეციური სასუფეველის დამკვიდრება”.
ქრისტე მაცხოვარი ელოდება ჩვენ ჭეშმარიტ სინანულს, ჩვენს მოშურნეობას ვიყოთ მისი წმიდა მცნებების აღმსრულებლები.
დავანახოთ უფალს ჩვენი რწმენა, მასთან ყოფნის და გადარჩენის სურვილი. მიტევების კვირას ტაძარში ერთად შეკრებილებმა ერთმანეთს პატიება ვსთხოვოთ, შევუნდოთ ერთმანეთს და მოყვასთა ჩვენთა შეცოდებანი მათნი, რათა ქრისტე ღმართმა ჩვენც შეგვინდოს და მოგვიტეოს შეცოდებანი ჩვენნი. მოძღვართა სწავლებით – “ადამიანი, რომელიც მოყვასს შეცოდებებს არ შეუნდობს, ბოროტებას ჩადის, და ამის შედეგად იგი საკუთარ თავს უფლის მადლსა და გულმოწყალებას განაშორებს”.
ქრისტესმიერი სიყვარულით,
მამა ექვთიმე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *