საქართველოს სამოციქულო ეკლესია პირველ საუკუნეში დააფუძნეს წმიდა მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა და სიმონ კანანელმა. ხოლო IV საუკუნეში, წმ. ნინოს ქადაგებით მართლმადიდებლობა საბოლოოდ დაემკვიდრა ღმრთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში და მოციქულთა სწორთა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მიერ, 325 წელს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.
წმ. მეფე დავით აღმაშენებლის მიერ მოწვეულმა, რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ (XI სკ.), შეაჯამა საქართველოს ეკლესიის ცხოვრება და აღნიშნა: “არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩუენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განმცემელ ქმნილ ვართ…”
დღეს უფლის ნებით, მსოფლიოს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში აღევლინება წირვა-ლოცვა მადლმოსილ ქართულ ენაზე, მათ შორის აშშ-ში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2009 წელს დაფუძნდა და ოფიციალურად დარეგისტრირდა; “საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ჩრდილოეთ ამერიკაში”. ეპარქიის მღვდელმთავრად დადგინდა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი დიმიტრი (შიოლაშვილი), ხოლო 2015 წლიდან ეპარქიის მღვდელმთავრად დადგენილი იქნა ეპისკოპოს, ყოვლადუსამღვდელოესი საბა (ინწკირველი).
აშშ-სა და კანადაში დაფუძნებულია და ფუნქციონირებს 5 მონასტერი და 16 სამრევლო, მათ შორის, ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესია.
ამჟამად, ჩვენს მრევლს არ გააჩნია საკუთარი ტაძარი. 2021 სამრევლომ შეიძინა 2.0 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და ამავე წლის 25 დეკემბერს, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა ყოვლადუსამღვდელოესმა საბამ (ინწკრიველი), სამღვდელოებასთან და მრევლთან ერთად, ჩვენს კუთვნილ ტერიტორიაზე აღმართეს ჯვარი. ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ცხუმ-აფღაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრების 44-ე წლისთავს. ამჟამად მიმდინარეობს ტაძრის მშენებლობისათვის აუცილებელი საპროექტო სამუშაოები და მიზნად ვისახავთ მიმდინარე წლის განმავლობაში საამშენებლო სამუშაოების დაწყიბას, რისთვისაც საჭიროა თანხების მოძიება.
წმიდა ილია მართლის მოწოდება -”ენა, მამული, სარწმუნოება” განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისათვის. აუცილებელია, რომ სან ფრანცისკოსა და მის შემოგარენში მცხოვრებ ქართველებს გააჩნდეთ საკუთარი სამლოცველო კერა. ქართული ტაძარი ჩრდილოეთ კალიფორნიაში, ჩვენთვის ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს მცირედი ნაწილი, ჩვენი სარწმუნოებისა და ენის დედაბოძი გახდება. აქ ქართულ ენაზე აღევლინება წირვა-ლოცვა, ბავშვებისთვის დაარსდება სამრევლო სკოლა, სადაც ისინი ქართულ ენას, ლიტერატურას, ისტორიასა და კულტურას შეისწავლიან; შედგება შეხვედრები და მოეწყობა საუბრები საღვთისმეტყველო თემებზე. ამგვარად, მომავალი თაობა არ მოწყდება მშობლიურ ფესვებს და შეინარჩუნებს ეროვნულ თვითმყოფადობას. ღვთის შეწევნით, ქართველ ბავშვებს შთაენერგებათ სამშობლოს სიყვარული და სურვილი ერთგულად ემსახურონ საყვარელ სამშობლოს.
“არა თუმცა უფალმა აღაშენა სახლი, ცუდად შვრებიან მაშენებელნი მისნი” – ბრძანებს წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველი. გვწამს, რომ უფალი დააფუძნებს და აღაშენებს! დაე, ჩვენ გავხდეთ ღირსნი მისი წმინდა ნების აღსრულებისა, რათა მადლი და წყალობა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი არ მოაკლდეს ქართველ ერს, სრულიად საქართველოსა და სამშობლოს გარეთ მყოფ მის შვილებს.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, ჭეშმარიტო წინამძღუარო ივერიის გაბრწყინებისაო, შეგვეწიე, დაგვიფარე და დაგვიცევ ჩვენ!
ქრისტესმიერი სიყვარულით,
ეკლესიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ექვთიმე (ხარაძე)
ჩვენი ეკლესიის რეკვიზიტებია:
JPMorgan Chase Bank
Business Fundamentals Chase Bank
Account number: 639 828 810
Routing number: 322 271 627
IVIRON ICON OF MOTHER OF GOD GEORGIAN
APOSTOLIC ORTHODOX CHURCH OF NORTHERN CA
1570 POST STR.#2B
SAN FRANCISCO, CA 94109