28 ნოემბერს იწყება ქრისტესშობის მარხვა. გ ი ლ ო ც ა ვ თ!
შეგახსენებთ ქრისტიანი, მორწმუნე ადამიანის ცხოვრებაში მარხვის მნიშვნელობის შესახებ. გავიხსენოთ თუ რას გვასწავლიან წმიდა მამები, ჩვენი სულების საცხოვნებელად და რწმენაში განსამტკიცებლად:
– დასაბამად, როცა ღმერთმა ადამიანი შექმნა, იმთავითვე მარხვის მცნება დაუდო აღსასრულებლად-კეთილისა და ბოროტის ხისაგან არ ჭამოო…და თუკი სამოთხეში იყო აუცილებელი მარხვა, რაოდენ გზის უფრო სამოთხის გარეთაა იგი საჭიროა ჩვენთვის, ცოდვას დაქვემდებარებულ ადამიანისათვის!
– მარხვა ხორცისა-საზრდოა სულისა. (წმ. იოანე ოქროპირი)
– ვინაიდან არ ვმარხულობდით გამოგვაძევეს სამოთხიდან! ამიტომ ვიმარხულოთ, რათა კვლავ შევიდეთ სამოთხეში.
– მოერიდეთ, შეაფასოთ მარხვა უბრალოდ საჭმლისაგან თავშეკავებით, ისინი ვინც თავს იკავებენ საჭმლისაგან და ცუდათ იქცევიან, მიემსაგავსებიან ეშმაკს, რომელსაც, თუმცაღა არაფერს ჭამს, მაგრამ არ წყვეტს ცოდვას. (წმ. ბასილი დიდი)
– ეშმაკთა მთავარი, ზეციდან გადმოგდებული ანგელოზია. ვნებათა მთავარი კი მუცლის სიმაძღრეა.
– მარხვა არის ადამიანური ბუნების იძულება, პირის გემოს უარყოფა, ხორცთა განხურვების ალაგმვა, ბოროტ აზრთა მოკვეთა, ბილწი სიზმრებისაგან განთავისუფლება, ლოცვის სიწმინდე, სულის მნათობი, გონების მცველი, გულის უგრძნობლობის განმაქარვებელი, ლმობიერების კარი, მდაბალი ოხვრა, გულის შემმუსვრელი, უქმმეტყველების უჩინარმყოფელი,……სხეულის სიჯანსაღე, უვნებობის წინამძღუარი, ცოდვათა მიმტევებელი და სამოთხის კარი.
(წმ. იოანე სინელი – კიბის აღმწერელი)
– ვისაც არ შეუძლია, თავის თავს რაიმე აუკრძალოს, თავი შეიკავოს ჭამისა და სმისაგან, იგი თავისი თავის უფალი ვერ იქნება; იგი ვერ შეძლებს, წინ აღუდგეს თავისი გულის რომელიმე სურვილს, ან რომელიმე ცოდვილ მიდრეკილებას.
წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)
ბოლოს გავიხსენოთ ჩუენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს სიტყვები, რომელიც მან თავის მოწაფეებს უთხრა, უკეთური სულით შეპყრობილის განკურნების დროს – “ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ეს ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსლვად, გარნა ლოცვითა და მარხვითა”. (მრკ. მე-9, 17)
უფალი შეგეწიოთ, სულიერი სიმტკიცე მოგცეთ და გაგაძლიეროთ.
ღმერთმა დაგლოცოთ!
ქრისტესმიერ სიყვარულით,
მამა ექვთიმე