დიდი მარხვა – მოსამზადებელი პერიოდი (გაგრძელება)

მშვიდობა მოგცეთ უფალმა!

“მეზვერისა და ფარისევლის კვირა” – დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდის პირველი კვირა. საღვთო ლიტურგიაზე ამ კვირა დღეს იკითხება სახარება: იგავი მეზვერესა და ფარისეველზე (ლუკ. 28, 10-14), სადაც იესო ქრისტე გვასწავლის, რომ მხოლოდ თავმდაბლობამ, მორჩილებამ, სინანულმა, საკუთარი ცოდვილობის განცდით აღვლენილმა ლოცვამ, როგორც ეს მეზვერეს გააჩნდა, მოგვანიჭოს წყალობა და მადლი უფლისა, და არა ამპარტავნებამ, საკუთარი ღირსებების და ქველმოქმედების ჩამოთვლამ, როგორც ეს ფარისეველს ჰქონდა.
წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე) შეგვაგონებს: “ღმერთი ხედავს შენს გულს, იგი ხედავს, რა გრძნობით მიდიხარ შენ ეკლესიაში. სთქვი შენცა, ძმაო, სიღრმითგან გულისა შენისა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას! და ღმერთი, მიმხედველი გულისა შენისა სიმდაბლისა და გრძნობისა – გილხენს და გაცხოვნებს შენ!”.
იგავის დასასრულს იესო ქრისტე ბრძანებს: “გეტყვი თქუენ: გარდმოვიდა ესე განმართლებული სახედ თვისსა, ვიდრე ფარისეველი იგი”
ღმერთმა ინებოს, რათა მეზვერის მსგავსად, ჩვენც განმართლებული გავსულიყოთ ეკლესიიდან, როგორც მეზვერე, და არა როგორც ფარისეველი. შეგვეწიოს უფალი!

* ეს კვირა მსგეფსი-ხსნილია (ოთხსაბათი, პარასკევის ჩათვლით).

კვლავ გილოცავთ წმ. მოციქულთა სწორის ნინოს (27 იანვ.), და მისი ორი მოწაფის; წმ. სალომე უჯარმელის და პეროჟავრა სივნიელის დღესასწაულს (28 იანვ.), ყველა ნინოს და სალომეს ანგელოზის დღეს გილოცავთ. შეგეწიოთ წმიდა დედათა ძალა და მადლი და მათი ლოცვითა კეთილად წარმართოს ქრისტე ღმერთმა ცხოვრება თქვენი.

ქრისტეს მიერი სიყვარულით,

მამა ექვთიმე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *