მთავარი

ვერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესია ჩრდილოეთ კალიფორნიაში

ტროპარი: წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი დედუფალო ღმრთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედე და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო.

დაუჯდომელი საგალობელი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა, პატივად საკვირველთმოქმედისა ხატისა მისისა ივერიისა,
პორტაიტისად წოდებულისა http://www.orthodoxy.ge/lotsvani/akatisto/iveriis.htm

გადმოცემა ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის შესახებ, რომელსაც პორტაიტისა ეწოდება    

IX საუკუნეში, იმპერატორ თეოფილეს მეფობის პერიოდში (829-842) ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლთა მწვალებლობა განსაკუთრებით გაძლიერდა. მზვერავები ყველა სოფელსა და ქალაქში ეძებდენ და ანადგურებდენ ხატებს.

ერთი კეთილმორწმუნე ქვრივის სახლში, რომელიც ნიკეის მახლობლად ცხოვრობდა, მხედრებმა იპოვეს ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატი. ერთ-ერთმა მხედარმა მახვილი ჩასცა ხატზე გამოსახულ ღმრთისმშობლის სახეს და მოხდა სასწაული: ჭრილობიდან სისხლი გადმოედინა და მტარვალს მკერდზე მიესხა. შეშინებული მხედრები გაიქცენ. (ერთი გადმოცემით, მეომარი, რომელმაც ხატს მახვილი ჩასცა, სინანულით დაემხო საკვირველთ მოქმედი ხატის წინაშე, უარყო მწვალებლობა და ბერად აღიკვეცა). ქვრივი მთელი ღამე ლოცულობდა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის წინ, დილით კი ღვთის განგებით მან ხატი, თავის შვილთან ერთად ზღვასთან მიაბრძანა და ლოცვის შემდეგ წყალში ჩაუშვა. ხატი ზღვის ტალღებზე აღმართული, დასავლეთისაკენ გაემართა. ქვრივის ვაჟი განერიდა ხატმბრძოლთა რისხვას და ათონის მთაზე ბერად აღიკვეცა. ათონელმა მამებმა მისგან გაიგეს ნიკეაში მომხდარი სასწაულის შესახებ.

ორასი წლის შემდეგ დიდმარხვაში ათონელმა ბერებმა იხილეს ზღვაზე აღმართული ნათლის სვეტი.  ნათელი მოდიოდა ზღვის ტალღებზე აღმართული ღმრთისმშობლის ხატიდან. მამები შეეცადნენ ხატთან ნავით მიახლოებას, მაგრამ იგი განეშორა მათ.

იმ პერიოდში, ათონზე ივერთა მონასტერში მოღვაწეობდა ქართველი ბერი, გაბრიელი (ცხოვრება იხ. 25 ივლისს ა. ს.), რომელიც განმარტოებულ სენაკში, ღვთის სათნო ღვაწლში ატარებდა ცხოვრებას. წმიდა მთის მამებს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა, რომ მხოლოდ გაბრიელ ივერიელი იყო ღორსი წმიდა ხატის ზღვიდან გამოყვანებისა. იმავდროულად დედა ღვთისა თავად გაბრიელსაც გამოეცხადა და აუწყა: “შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და ყველა იხილავს ჩემს სიყვარულს  და წყალობას თქვენი სავანისადმი”. მეორე დღეს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ივერთა სავანის მამები საკმევლის კმევითა, გალობით და ლიტანიობით ზღვის ნაპირთან ჩავიდნენ. ღირსი გაბრიელი ზღვაში შევიდა, გაიარა ტალღებზე, როგორც ხმელეთზე, და წმიდა ხატი ნაპირზე გამოაბრძანა. ნაპირზე, იმ ადგილზე სადაც ხატი ნაპირზე დააბრძანეს, საამო წყარომ ამოხეთქა. ამის შემდეგ ხატი ეკლესიაში შეაბრძანეს და საკურთხეველში დაასვენეს. მეორე დილით, კანდელის დასანთებად მისულ ბერს ხატი ადგილზე არ დახვდა, იგი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს, ჩამოაბრძანეს და ისევ საკურთხეველში შეასვენეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ბოლოს ყოვლადწმიდა ქალწული ისევ გამოეცხადა გაბრიელს და უთხრა: “გამოუცხადე ძმათა, რამეთუ მე მნებავს არა იგი, რათა მიცავდეთ თქვენ, არამედ რათა თვით მე გფარვიდეთ თქვენ, არა მხოლოდ ამა ცხოვრებასა შინა, არამედ მომავალსაცა და ვიდრემდე იხილვებოდეს სავანესა ამასა შინა ხატი, არა მოგაკლდეს თქვენ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა”. ივირონის მამებმა იქვე ააგეს პატარა ტაძარი და საკვირველთმოქმედი ხატი შიგ დაასვენეს.

პორტაიტისას, ანუ ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის მადლით მრავალი სასწაული აღესრულება.

ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული და სამრევლოს დღე აღინიშნება 26 ოქტომბერს

კლდის ნაწილი წმინდა გაბრიელ ქართველის (ათონელის) კელია გამოქვაბულიდან, რომელმაც ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატი გამოაბრძანა ზღვიდან ხმელეთზე. სიწმინდე გამოგვიგზავნა ამჟამად ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველმა არქიმანდრიტმა გრიგოლ თოიძემ.